Insurance and Insurance Brokers
2 მაისს საქართველოში დაზღვევის დღე აღინიშნა. 25 წლის წინ, ამ დღეს, მოეწერა ხელი საქართველოში დაზღვევის კანონს. ამ თარიღთან დაკავშირებით, სადაზღვევო საბროკერო კომპანია ჯი.ეს. (Willis Towers Watson-ის წარმომადგენლობა საქართველოში) გვთავაზობს ინფორმაციას მარტივ ენაზე დაზღვევასა და სადაზღვევო ბროკერებზე.
რატომ უნდა შევიძინოთ დაზღვევა?
მოულოდნელმა, შემთხვევითმა მოვლენებმა შეიძლება მნიშვნელოვნად გააუარესოს ჩვენი ცხოვრების დონე. სახლი ბევრი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია, ხანძრის ან დატბორვის შედეგად შესაძლოა სახლი საცხოვრებლად უვარგისი გახდეს; ავტოსაგზაო შემთხვევას შესაძლოა მოჰყვეს ავტომობილის სრული განადგურება, მგზავრების სხეულის დაზიანება ან მესამე პირთა მიმართ წარმოქმნილი ვალდებულებები. მსგავსი მოულოდნელი შემთხვევები საკმაოდ დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. დაზღვევის საშუალებით შესაძლებელია ამ ზიანის შემსუბუქება.
კომპანიების შემთხვევაში ქონებრივ ზიანს ხშირად თან ახლავს ბიზნესის შეფერხება, რაც გულისხმობს მიუღებელ შემოსავლებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია რისკების სწორად გათვლა და დაზღვევა, რადგან ასეთმა შეფერხებებმა შესაძლოა ბიზნესის გაკოტრებაც კი გამოიწვიოს.
როგორ მუშაობს დაზღვევა?
დაზღვევა რისკის გადაცემის მექანიზმია. წინასწარ განსაზღვრული პრემიის (ფასი, რომელსაც იხდით დაზღვევაში) გადახდის სანაცვლოდ, სადაზღვევო კომპანია რისკის დადგომის შემთხვევაში აანაზღაურებს ფინანსურ ზარალს.
სადაზღვევო კომპანია ბევრი დაზღვეულისგან აგროვებს პრემიას. ზარალი კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ რამდენიმეს ემართება. ეს საშუალებას იძლევა სადაზღვევო პროდუქტები იყოს ხელმისაწვდომი და ამასთანავე ანაზღაურება გაიცეს სწორედ იმ ადამიანებსა თუ კომპანიებზე, ვისაც ფინანსური თანადგომა სჭირდება.
დაზღვევის შეძენა არ არის ფუფუნება, არამედ პირიქით, საჭიროებაა. დაზღვევა გვიცავს დიდი და გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან. დაზღვევის ფასს არ ვიხდით იმისთვის რომ რაიმე სარგებელი მივიღოთ, არამედ ვიხდით იმისთვის რომ დაცული ვიყოთ მოულოდნელი შემთხვევების შედეგად წარმოქმნილი ფინანსური ხარჯებისგან.
აღსანიშნავია, რომ ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ დაზღვევის შეძენის შემთხვევაში ყველაფერი ანაზღაურდება, რაც არასწორი შეხედულებაა. მნიშვნელოვანია გვესმოდეს რა რისკები ეზღვევა და რა გამონაკლისები აქვს ამა თუ იმ სადაზღვევო პროდუქტს. ხშირად ბევრი დაზღვეულის უკმაყოფილების მიზეზიც არასწორი მოლოდინები.
ვინ არიან სადაზღვევო ბროკერები?
დაზღვევა საკმაოდ რთული პროდუქტია და ყველა კონტრაქტი მოიცავს სპეციფიკურ პირობებსა და გამონაკლისებს, შეიცავს ისეთ კომპლექსურ ტერმინებს, რომლებიც ბუნდოვანია დაზღვეულებისთვის. ხშირად კომპანიები იღებენ დაზღვევის ისეთ პროდუქტს ან ისეთ პირობებს, რომლებიც მათ საქმიანობას არ შეესაბამება. ეს იწვევს ან ზედმეტად დიდი პრემიის გადახდას ან შეუსაბამო პროდუქტს, რაც ზარალის შემთხვევაში შესაძლებელია ანაზღაურებაზე უარის მიზეზი გახდეს.
ბროკერები არიან ადამიანები, რომელთაც დაზღვევის სფეროში დიდი გამოცდილება და პროდუქტების ტექნიკური ცოდნა აქვთ, რის გამოც შეუძლიათ იყვნენ ეფექტური შუამავლები კლიენტებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის. ბროკერის მთავარი მისიაა კლიენტს მიაწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია პროდუქტებისა და დაფარვების შესახებ, შედეგად მათთან ერთად შეიმუშაოს პროდუქტი კლიენტის კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე. რაც მთავარია, ზარალის დროს, ბროკერი ჩართულია ანაზღაურების პროცესში და ეხმარება კლიენტს, რომ მისი ინტერესები მაქსიმალურად დაცული იყოს.
არსებობს სხვადასხვა სახის დაზღვევა: ჯანმრთელობის, ავტომობილების, პასუხისმგებლობის, ქონების და სხვ. ყველა მათგანში შემავალი რისკები განსხვავებულია. სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის დაფარვები და გამონაკლისებიც კი შეიძლება განსხვავებული იყოს ერთი და იმავე პროდუქტის შემთხვევაში.
ქართულ ბაზარზე დღეს 18 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული. ბროკერები ეხმარებიან კომპანიებს აარჩიონ ბაზარზე არსებული ალტერნატივებიდან საუკეთესო, კლიენტზე მორგებული პირობები და სწორად განათავსონ რისკები. ამისთვის ბროკერები აანალიზებენ კლიენტის სპეციფიკურ მახასიათებლებს, აგრეთვე სადაზღვევო კომპანიების შემოთავაზებებს (ფასები, გამონაკლისები, დაფარული რისკები და სხვ.).
ბროკერი არ არის სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელი, არამედ არის დამოუკიდებელი მხარე, რომელსაც ობიექტურად შეუძლია ფაქტების შეფასება.
სადაზღვევო ბროკერი ჯი.ეს.
სადაზღვევო ბროკერი ჯი.ეს. საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდანაა წარმოდგენილი და დღეისათვის ემსახურება 200-ზე მეტ კორპორატიულ კლიენტს. კომპანია ლიდერია ქართულ საბროკერო ბაზარზე დაზღვევის მიმართულებით. 2021 წლის მონაცემებით მოზიდული პრემია 12 719 306 ლარია, ხოლო მიღებული საკომისიოს ოდენობა 1 280 767 ლარს შეადგენს.
სადაზღვევო ბროკერი ჯი.ეს. არის Willis Towers Watson-ის წარმომადგენელი საქართველოში. Willis Towers Watson მსოფლიოში რეიტინგით მესამე ბროკერია, რომელსაც 140-ზე მეტ ქვეყანაში 45,000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. მისი ბრუნვა 9.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და წარმოდგენილია ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე.
კომპანია 10 წელზე მეტია საერთაშორისო სტანდარტებით ემსახურება როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ კლიენტებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ სადაზღვევო საბროკერო მომსახურება უფრო ცნობადი გახადოს საქართველოში. ბევრმა არ იცის რას გულისხმობს ეს მომსახურება და რა უპირატესობა აქვს. მსოფლიოს განვითარებულ ბაზრებზე ბიზნესების 90%-ზე მეტი იყენებს საბროკერო მომსახურებას, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 7%-ია, თუმცა ტენდენცია მზარდია და იმედი გვაქვს, ბევრი კომპანია დაინახავს ბროკერის ჩართვის უპირატესობებს.
ბმული: https://www.marketer.ge/dazghveva-da-sadazghvevo-brokerebi